ფონდი "უნივერსიტეტელი"

ძალიან დიდი ხნით ადრე დაიბადა იდეა, რომ შექმნილიყო უნივერსიტეტის საქველმოქმედო ფონდი, რომელშიც უნივერსიტეტის თანამშრომლების მიმართულებით იქნებოდა მოწოდება, რომ სახელფასო განაკვეთიდან მიზერული თანხა თითო ლარი ჩაერიცხათ მოცემულ ფონდში ყოველთვიურად, რაღა თქმა უნდა ეს ნებაყოფლობით მოხდებოდა. ვინაიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დიდი ოდენობით ადამიანია დასაქმებული, ფონდში შემოსული თანხა საკმაოდ სოლიდური გამოვიდოდა და ბევრი იმ პიროვნების დახმარებას შევძლებდით, ვისაც ამის საჭიროება ედგა. ამასთანავე ყურადსაღები იყო ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტის ბიუჯეტს აქედან ცალკე თანხა არ ეხარჯება და ეს წმინდად ადამიანების კეთილ ნებაზე იქნებოდა დამყარებული. 

მოგეხსენებათ ყოველი დიდი ნაბიჯის გადადგმას ნაპერწკალი სჭირდება, ამდენად დღეს ერთი ძალიან საყვარელი მოხუცი ქალბატონის სამსახურიდან გათავისუფლების საშიშროებამ სწორედ ეს როლი ითამაშა. საჭიროა სწრაფი და მტკიცე გადაწყვეტილება და ამის სისრულეში მოყვანა, იმისათვის რომ ჩვენს სახელმწიფოში მცხოვრებმა თითოეულმა უნივერსიტეტელმა თავი იგრძნოს უსაფრთხოდ, როგორც ეკონომიკური, ისე სოციალური სოლიდარობის კუთხით, იმისათვის, რომ თითოეულმა უნივერსიტეტელმა იგრძნოს ის ძალა, რომელიც ამხელა ორგანიზმს გააჩნია, ორგანიზმს, რომელსაც უამრავი ჩვენნაირი პიროვნება აღუზრდია და გზაზე დაუყენებია, იმისათვის, რომ უნივერსიტეტელები ერთხელ მაინც (!) დავდგეთ ურთიერთსაპირისპირო, კონკურენტული თუ იდეურად განსხვავებული დამოკიდებულებების მაღლა და გავერთიანდეთ. დროა ნაცვლად იმისა აქცენტი გავაკეთოთ იმ თემებზე, რაც ერთმანეთს გვაშორებს, ყურადღება დავუთმოთ იმ საკითხებს, რომელიც გაგვაერთიანებს. 

დროა, არა მხოლოდ ამ უნივერსიტეტში დასაქმებულმა თუ სტუდენტის სტატუსით ამ გარემოში მაცხოვრებელმა ადამიანებმა ვიზრუნოთ ერთმანეთზე, არამედ თითოეული ის ადამიანიც ჩაერთოს ამ დიდსულოვან საქმეში, რომელიც ერთ დროს აღზრდილა უნივერსიტეტის ახლა უკვე შელახულ, მაგრამ მაინც მტკიცედ მდგომ კედლებში.

ჩვენ უნივერსიტეტელები ვართ, არ უნდა გვყავდეს არცერთი სტატუსშეჩერებული სტუდენტი, არცერთი სტუდენტის ახალგაზრდული ინტერესი არ უნდა ისმოდეს ერთი და ორი ადამიანის ხმით, ეს უნდა იყოს ერთსულოვანი მტკიცე და მედგარი ხმა ერთობისა, რომელიც ასე ძალიან აკლია ქვეყანასაც და ჩვენც. 

იქნებ ერთხელ სტუდენტებმა და ყოფილმა სტუდენტებმა, ნაცვლად საკუთარი იმიჯის მშენებლობისა ამ მრავალჭირნახულ უნივერსიტეტში არსებულ პრობლემებზე საუბრით, გადავწყვიტოთ ამ გამოწვევებთან ერთად ბრძოლა, ერთად დგომა იქ სადაც ჯერ არს, სადაც ჩვენი უნივერსიტეტელიბის ადგილია, სადაც ყველა ერთნი ვიქნებით, გვერდით გადავდოთ ჩვენი სახელები და გვარები და ვაშენოთ სივრცე, რომელიც უამრავ სახელსა და გვარს აჩუქებს ქვეყანას. 

მე დღეს ვამაყობ, რომ იმ გარემოში ვტრიალებ სადაც სტუდენტებს ერთმანეთი უყვართ, თსუ-ში დღეს სიყვარულია! 

უნივერსიტეტელობა ერთმანეთის სიყვარულია და ამ სიყვარულით ავაშენებთ სიკეთეს. 

 

ერთ-ერთი უნივერსიტეტელი





შალვა საბაური
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
სოციალური ქსელი