პატარა ქვეყნის ეკონომიკური განვითარება

შესავალი

პატარა ქვეყნის, როგორც ჯერ სათანადადოდ შეუსწავლელი ფენომენის შესახებ მსჯელობა გარდა იმისა, რომ საინტერესოა, შესაძლოა ახალი იდეების აღმოცენების წყაროც გახდეს  და შესაბამისად წინ წასწიოს, როგორც მეცნიერება - წმინდა თეორიული კუთხით, ასევე პრაქტიკული შედეგებიც მოიტანოს აღნიშნული ტიპის სახელმწიფოებისათვის.

დღევანდელ მსოფლიოში ეკონომიკის როლის ზრდაზე აქცენტი აშკარად გამოიკვეთა, გლობალიზაციის შედეგად მატერიალურმა კეთილდღეობამ და მისკენ სწრაფვამ განუზომლად დიდი მნიშვნელობა შეიძინა. რამდენადაც ფოკუსი ერთეული ადამიანის დონეზე ეშვება, თუ ადრე სახელმწიფოების ზოგადი წინსვლა და წარმატება ყოველგვარი კითხვის ნიშნის გარეშე წარმოადგენდა უმთავრეს პრიორიტეტს, დღეს სახელმწიფოს განვითარება  შეიძლება აღვიქვათ, როგორც ადამიანის კეთილდღეობის მიღწევის ინსტრუმენტი - რაშიც უმთავრესად ეკონომიკური კეთილდღეობა მოიაზრება.

მსჯელობის ამ ორი საგულისხმო მიმართულების თანაკვეთა - პატარა ქვეყნისა და მისი ეკონომიკური განვითარების შენება ყველანაირი ლოგიკური ხედვით საინტერესო ჩანს და ბევრ პრობლემასთან არის დაკავშირებული, საჭიროა თავდაპირველად მოცემული წინაღობებისა და ბარიერების იდენტიფიცირება და კოლექტივიზაცია მოხდეს, შემდგომ ამისა მათი გადახარისხება და აღმოფხვრის მეთოდების შემუშავება.

წინამდებარე ნაშრომის მიზანი ერთი მხრივ, პრობლემების აღმოჩენა და წარმოჩენაა, მეორე მხრივ კი უპირატესობების დადგენა და ხაზგასმა, თუ კი ასეთი საერთოდ არსებობს პატარა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე. თეორიულად ხშირია ხოლმე საზოგადოებაში მსჯელობა ქვეყნის აყვავების შესახებ, რასაც არცთუ განვითარებული ხალხის აზრით მხოლოდ ელიტის ნება ესაჭიროება, თუმცა პრაქტიკაში მატერიალური დოვლათის შექმნას სიტუაციის სიღრმისეული ანალიზი და კონკრეტული ნაბიჯები ესაჭიროება.

პატარა ქვეყანა ეკონომიკურ ჭრილში

პატარა ქვეყნის დეფინიციის სრულყოფილი ჩამოყალიბება, ძალიან რთულია, რამდენადაც ის არც მხოლოდ რაოდენობრივი მაჩვენებლების შესაბამისად უნდა განისაზღვროს და არც მხოლოდ თვისებრივი მონაცემების საფუძველზე. გამომდინარე აქედან, მისი ზუსტად იდენტიფიცირება შესაძლოა გაგვიჭირდეს. (რონდელი, 2009) აღნიშნული პრობლემურობის მიუხედავად, ჩვენ შეგვიძლია მსჯელობა გავაგრძელოთ და გარკვეულწილად ჩვენეული ინტერპრეტაციით შევქმნათ პატარა ქვეყნის თეორიული მოდელი, რომელსაც შემდეგნაირად დავახასიათებთ - სახელმწიფო, რომელსაც ფიზიკური, სამხედრო-პოლიტიკური ან ეკონომიკური შეზღუდულობა შეიძლება ახასიათებდეს.

პატარა ქვეყნის ეკონომიკურ ჭრილში განსახილველად, სადაც მისი პრობლემები უნდა გამოიკვეთოს, აუცილებლად საჭიროა ეკონომიკური ჭრილის - განსაზღვრა. ეკონომიკური განზომილება თავისი შინაარსით, მარტივად რომ ვთქვათ რესურსების ხელმისაწვდომობის შესაბამისად, მათი დამუშავების შესაძლებლობისა და სურვილის შედეგად დოვლათის შექმნისა და გარკვეული სამართლიანობით განაწილების პოტენციალს გულისხმობს.

ავიღოთ ეკონომიკური განზომილების ჩვენეული განსაზღვრება და ჩავშალოთ:

  • რესურსების ხელმისაწვდომობა
  • დამუშავების სურვილი და შესაძლებლობა
  • დოვლათის შექმნა და განაწილების პრინციპი

პატარა ქვეყანას, რომ განვაზოგადოთ, ტერიტორიული სიმცირის გამო ნაკლები ალბათობაა, რომ ჰქონდეს დიდ რესურსებზე ხელმისაწვდომობა, თუმცა არსებობენ გამონაკლისები, რომლებსაც უმართლებთ და ან თავისი იურისდიქციის ქვეშ აქვთ რესურსები (მაგ.: ნავთობი), ან იმდენად ძლიერნი ხდებიან, რომ სხვა ქვეყნის რესურსებზე მიუწვდებათ ხელი და მათი გადამუშავების შედეგად ქმნიან პროდუქტს.

მეორე მხრივ, დამუშავების სურვილსა და შესაძლებლობას განვიხილავთ, რაც ერთი კუთხით შესაძლოა ელიტის ნებაზე იყოს დამოკიდებული, მეორე კუთხით სახელმწიფოში - დამუშავების  ცოდნასა და შემძლეობაზე, პატარა ქვეყანა ისევ და ისევ ალბათობა, რომ მოვიშველიოთ, შეზღუდული ოდენობის მოსახლეობაში ნაკლები შანსით მოიძიებს პიროვნებებს, რომელთაც ან ცოდნა ან გამოცდილება გააჩნიათ აღნიშნულ სფეროში.

მესამე მხრივ, დოვლათის შექმნა და გადანაწილება წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ასპექტს სახელმწიფოს ეკონომიკურ განზომილებაში შესაფასებლად, ერთია რესურსის გამოყენება და დამუშავება, ხოლო მეორეა საბოლოო პროდუქციის წარმოების შემძლეობა, რის ხარჯზეც კაპიტალის დაგროვება უნდა მოხდეს ქვეყანაში და შემდგომ მისი ასე თუ ისე სამართლიანად განაწილება.

სახელმწიფოში დღეს ეკონომიკური სიძლიერის განსაზღვრისათვის ერთეული ადამიანის დონეზე დოვლათის ოდენობის შეფასება ხდება და ითვლება GDP Per Capita - ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო არითმეტიკული. (GDP per capita, PPP (current international $), 2014) - რამაც შესაძლოა მცდარი სურათი დახატოს, თუ მისი ანალიზი არ მოხდა Gini კოეფიციენტის (Gini coefficient, 2014) თანდართვით, რაც გულისხმობს დოვლათის განაწილების თანაბრობის დონეს. მაგალითისათვის ლიბიაში, სადაც რევოლუციის პერიოდში ერთ სულ მოსახლეზე 13 900 დოლარი იყო მთლიანი შიდა პროდუქტის ოდენობა, (The World Factbook, 2013) Gini კოეფიციენტი - უცნობი იყო, არ აღირიცხებოდა, თუმცა ადვილად სავარაუდოა რომ მისი სიდიდე განაპირობებდა აღნიშნული სოლიდური რიცხვის მკვეთრად უთანაბრო გადანაწილებას, რამაც ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა რევოლუციაში. უნდა აღინიშნოს, რომ თანაბარ განაწილებაში არ იგულისხმება სოციალისტური მისწრაფებები, არამედ აქ კონკურენტუნარიანი მოსახლეობის არსებობა და მათთვის სამართლიანი გარემოს შექმნა მოიაზრება, სადაც მეტნაკლებად ყველასთვის ხელმისაწვდომია კაპიტალის დაგროვება.

საერთო ჯამში, როგორც გამოიკვეთა პატარა ქვეყანას ადვილად სავარაუდოა, რომ ახასიათებდეს: რესურსების ხელმისაწვდომობის პრობლემა, პროფესიონალი კადრების სიმცირე, საბოლოო პროდუქტების შექმნის უუნარობა და ამას თან შეიძლება დაერთოს კაპიტალის დეფიციტი.

საქართველოს, როგორც პატარა ქვეყნის მაგალითზე, შესაძლოა ითქვას, რომ ეკონომიკური სიდუხჭირის აღმოფხვრა უნდა დაიწყოს გარკვეული საინვესტიციო სტიმულების შექმნით, (შავიშვილი, 2013) რამაც რესურსების სიმცირე უნდა დააბალანსოს. საინვესტიციო გარემოს მოწესრიგებას სჭირდება უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მოლოდინის არსებობა და ნაკლები გადასახადები, რაც უხეშად რომ ვთქვათ, „აიძულებს“  კაპიტალის მქონე ადამიანებს საზღვარგარეთ, ფული მოცემულ ქვეყანაში დააბანდონ, რაც მეორე მხრივ, პროფესიონალი კადრების სიმცირის გამო კიდევ ერთ სტიმულს აჩენს - კერძოდ იაფი მუშახელის სახით, ბიზნესისათვის დანახარჯები სოლიდურ დონეზე მცირდება, რასაც მოსდევს ტრანსნაციონალური კომპანიების გარკვეული სახით მიგრაცია მიმზიდველ ეკონომიკურ გარემოში.

შესაძლოა ეს მარქსისტული გადასახედით ექსპლუატაციას მიეწეროს, მაგრამ რეალურად ქვეყნის ეკონომიკა იზრდება, საბოლოოდ „იაფი მუშახელი“, რომელიც პროფესიონალიზმის დეფიციტს განიცდის, ყალიბდება შედარებით განვითარებულ კადრად, რასაც ავტომატურად მოჰყვება მისი შრომის გაძვირება. მეორე საკითხი - გადასახადების შემცირება, თავდაპირველად გამოიწვევს საბიუჯეტო თანხების შემცირებას, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში უფრო მეტი შემომტანი შეიქმნება ბაზარზე და საბიუჯეტო თანხებიც გაიზრდება. ერთგვარად ეს ტაქტიკურ უკანდახევას ჰგავს, სტრატეგიული წინსვლის მოტივით.

პატარა ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს მაგალითზე რომ ვთქვათ, ინფრასტრუქტურის გაუმართაობასაც უჩივიან, აუცილებლად დასჭირდებათ გარეშე თანხა მის მოსაწესრიგებლად, საბოლოო ჯამში ამას სესხის აღებისაკენ მივყავართ, რაც აუცილებლად სამართლიანად უნდა იქნას გამოყენებული და მიზნობრივად გახარჯული.

პატარა ქვეყნებს, ვინაიდან მატერიალური პროდუქტის შექმნა ადვილად არ ხელეწიფებათ, გამოსავლად უნდა მიაჩნდეთ განათლებაში სერიოზული ინვესტიციის ჩადება და სერვისების განვითარება. არამატერიალური პროდუქტი, როგორიც არის მომსახურება, დასაწყისში ეკონომიკური სარგებლის მომტანი იქნება. მეორე მხრივ, განათლებაში ჩადებული ინვესტიცია მყისიერ შედეგზე არ არის ორიენტირებული და შესაბამისად, გარკვეული პერიოდის შემდეგ მოიტანს რეალურ რეზულტატს, მოცემული სფეროს წინ წამოწევის საფუძველზე, თანამედროვე ტექნოლოგიური პროდუქტის წარმოება წარმოადგენს ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას.

დღევანდელ დღეს კომპიუტერული და ზოგადად მაღალტექნოლოგიური განვითარების უპრეცედენტო დონიდან გამომდინარე, ახლა და ახლა ყალიბდება ბიზნესის სულ ცინცხალი მიმართულება პროგრამული უზრუველყოფის განხრით, რაც არანაკლებ დიდი მოგების მომტანია. (Improving Software Economics, 2009)

და ბოლოს, მცირე ბიზნესის განვითარება და start-up -ების წახალისება, იქნება ეკონომიკური მექანიზმის ამუშავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი. (Mazzucato, 2014) საქართველოში პოსტსაბჭოთა ადამიანის ფენომენი მუშაობს, რაც გარკვეულწილად ქვეცნობიერად სახელმწიფოზე ჩამოკიდებული მუშის სინდრომით არის დაინფიცირებული, ნელნელა მოცემული ტიპი უნდა გარდაიქმნას საკუთარ თავზე დამოკიდებულ პერსონად, (პაპავა, 2011) რომელსაც „ეგოისტური“ მისწრაფებები გააჩნია და საერთო ჯამში ჯანსაღი კონკურენციის გარემოში დამატებითი დოვლათის შექმნაზეა ორიენტირებული.

დასკვნა

როგორც ვნახეთ, პატარა ქვეყნის ეკონომიკის ძირითადი გამოწვევები (თუ გამონაკლისებს არ ჩავთვლით) მდგომარეობს რესურსების სიმწირეში, მისი ადეკვატურად გამოყენების ცოდნის დეფიციტში, პროფესიონალი კადრების სავარაუდო სიმცირეში, კონკურენტუნარიანი საზოგადოების არარსებობაში, საბაზრო პრინციპების არასათანადო დონეზე დანერგვაში...

გაჭირვებული პატარა ქვეყნების განვითარებისათვის საჭიროა ინსტიტუციური წესრიგი, უსაფრთხო ეკონომიკური, პოლიტიკური და სამხედრო სიტუაციის შექმნა, სადაც სტაბილური და მიმზიდველი საინვესტიციო გარემო ჩამოყალიბდება, ამავდროულად უნდა მოხდეს განათლების ინვესტირება და სტიმულირება, იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში არამატერიალური - ინტელექტუალური რესურსებით მდიდარი სახელმწიფო მივიღოთ.

 

ბიბლიოგრაფია

 

GDP per capita, PPP (current international $). (2014). Получено 12 06 2014 г., из The World Bank: http://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.PP.CD

Gini coefficient. (2014). Получено 12 06 2014 г., из princeton.edu: https://www.princeton.edu/~achaney/tmve/wiki100k/docs/Gini_coefficient.html

Improving Software Economics. (05 2009 г.). Получено 12 06 2014 г., из IBM: http://public.dhe.ibm.com/common/ssi/ecm/en/raw14148usen/RAW14148USEN.PDF

Mazzucato, M. (2014). Startup myths and obsessions. The Economist.

The World Factbook. (2013). Получено 12 06 2014 г., из Central Intelligence Agency: https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/ly.html

პაპავა, ვ. (2011). არატრადიციული ეკონომიკსი. თბილისი: პაატა გუგუშვილის ეკონომიკის ინსტიტუტი.

რონდელი, ა. (2009). პატარა ქვეყანა საერთაშორისო სისტემაში. თბილისი: ნეკერი.

შავიშვილი, ო. (17 05 2013 г.). ეკონომიკური კრიზისის დაძლევის ძირითადი გზები საქართველოში. Получено 12 06 2014 г., из resonancedaily: http://www.resonancedaily.com/index.php?id_rub=11&id_artc=15594

 

 





შალვა საბაური
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
სოციალური ქსელი