ერთეულები სამყაროს წინააღმდეგ - „მარტოხელა მგლები“

ტერორიზმი/ მარტოხელა მგლები - დეფინიცია და არსი

„პირი, რომელსაც უყვარს მარტო მოქმედება, ცხოვრება ან მუშაობა“ - ასე განმარტავს მერიემ-ვებსტერის ლექსიკონი „მარტოხელა მგლის“ კონცეფციას (merriam-webster). ზოგადი განსაზღვრება გვიჩვენებს რა ლოგიკით შეიძლება გამოიყენებოდეს მოცემული სიტყვათშეთანხმება, თუმცა ჩვენს შემთხვევაში საჭიროა მისი დავიწროვება კონკრეტული სფეროს შიგნით. დღევანდელ დღეს ტერორიზმს უამრავი განშტოება აქვს, თვით-რადიკალიზებული მარტოხელა ტერორისტების მზარდმა რაოდენობამ დიდი დილემა წარმოქმნა ადამიანთა უსაფრთხოებისათვის. ტერორიზმის ეს სახე უფრო მეტად მემარჯვენე რეაქციონერებისა და რადიკალიზებული რელიგიური იდეების მიმდევრებს შორის ჩნდება. (Bates, 2012) ტერორიზმში ახალი ერა დგება და მარტოხელა მგლები წინა პლანზე გამოდიან. ანდრეს ბრეივიკით დაწყებული ნორვეგიაში, რომელმაც ბომბებისა და ხალხის მასის დაცხრილვის გზით უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეიწირა, დამთავრებული ნიდალ მალიკ ჰასანით, რომელმაც დახოცა თავისი თანამებრძოლები აშშ-ში სამხედრო ბაზაზე ცეცხლის გახსნით, მარტოხელა მგლების განშტოებამ ტერორიზმში წარმოაჩინა, რომ ერთეული ადამიანებიც კი შესაძლოა ისეთივე დიდ საფრთხეს წარმოადგენდნენ, როგორც ორგანიზებული დაჯგუფებები. (Simon, 2013)

ტერორიზმი, რასაც მარტოხელა მგლები ახორციელებენ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ გარკვეული სახეცვლილებით განხორციელებული ორგანიზებული ქმედებაა. იმისათვის, რომ მოცემულ ვიწრო სფეროს უკეთესად გავეცნოთ, საჭიროა ფართო მომცველობის ფენომენის განმარტება, რომლის შიგნითაც ერთ-ერთ განშტოებად თავსდება ჩვენი შემთხვევები.

აშშ-ს კოდექსი 18-ის, ნაწილი 1-ლი, 113B თავის 2331 პარაგრაფში შემდეგნაირად არის განმარტებული ტერორიზმი და მისი სახეობები:

საერთაშორისო ტერორიზმი ეწოდება ქმედებებს, რომლებსაც შემდეგი 3 თავისებურება ახასიათებს:

  1. მოიცავს ძალადობრივ აქტებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ფედერალური ან შტატის სამართლის დარღვევის გზით.
  2. მიზნად ისახავს: (1) სამოქალაქო პირების დაშინებას ან მათზე ძალადობას; (2) სამთავრობო პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას დაშინებისა და ძალადობის გზით; (3) ან გავლენას ახდენს მთავრობის მოღვაწეობაზე მასობრივი დესტრუქციის, ხელისუფლებაში მყოფი პირების მოკვლის ან გატაცების გზით;
  3. ხდება პირდაპირ აშშ-ს ტერიტორიული იურისდიქციის გარეთ ან არღვევს ეროვნულ საზღვრებს ზემოთაღნიშნული მეთოდებით.

შიდა ტერორიზმი ეწოდება აქტებს, რომლებიც შემდეგი სახასიათო კუთხით არის წარმოდგენილი:

  1. მოიცავს ისეთ ქმედებებს, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს ფედერაციული ან შტატის სამართლის დარღვევით;
  2. მიზნად ისახავს (1) სამოქალაქო პირების დაშინებას ან მათზე ძალადობას; (2) სამთავრობი პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას დაშინებისა და ძალადობის გზით; (3) ან გავლენას ახდენს მთავრობის მოღვაწეობაზე მასობრივი დესტრუქციის, ხელისუფლებაში მყოფი პირების მოკვლის ან გატაცების გზით;
  3. ხდება პირდაპირ აშშ-ს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ტერიტორიაზე.

(Federal Bureau of Investigation)

“premeditated, politically motivated violence perpetrated against noncombatant targets by sub-national groups or clandestine agents, usually intended to influence an audience.” - აშშ-ს საშტატო დეპარტამენტი ასე განმარტავდა ტერორიზმს 1999 წელს. (Bates, 2012).

საერთო ჯამში მარტოხელა მგლების ტერორიზმი შეგვიძლია დავახასიათოთ ზუსტად იმავე ლოგიკით, მხოლოდ სხვაობა იქნება აქტორების რაოდენობასა და გარკვეულ მცირე-მცირე დეტალებში, რომლებიც საერთო ჯამში რაღაც დონეზე უპირატესობას აძლევენ მარტოსულ მებრძოლებს.

ცხადია, რომ ტერორიზმი ძალიან კომპლექსური ფენომენია და მრავალი კუთხით არის განხილული. მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა მგლის ფაქტორი არც ისე ახალი რამეა, ის დღეს მზარდ საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოსათვის. ცენტრალური დაზვერვის სააგენტოს ხელმძღვანელი ლეონ პანეტა 2010 წლის თებერვალში აცხადებდა: „სწორედ მარტოხელა ტერორიზმის სტრატეგია წარმოადგენს ჩვენი ქვეყნისათვის მთავარ საფრთხეს, რასაც ყველაზე დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ“. (Bates, 2012)

საიმონ ჯეფრი გამოყოფს რამდენიმე ფაქტორს, რომელიც მარტოხელა ტერორისტებს სხვებისაგან გამოარჩევს:

  • მარტოხელა მგლებმა დაამტკიცეს, რომ ისინი უფრო კრეატიულები და სახიფათონი არიან, ვიდრე ტერორისტული დაჯგუფებები;
  • ინტერნეტმა ნაყოფიერი ნიადაგი მოუმზადა ტერორისტული მისწრაფებების მქონე იზოლირებულ ინდივიდებს, მაგრამ ამან შესაძლოა ისინი ადვილად ხელმისაწვდომიც გახადოს;
  • საერთო წარმოდგენა, რომ მარტოხელა მგლებს ვერაფერს მოუხერხებ, მცდარია. სინამდვილეში, ინოვაციური სტრატეგიებისა და პოლიტიკის განვითარება შესაძლებელია, იმისათვის რათა პასუხი გაეცეს ან მოხდეს ამ ტიპის ტერორიზმის პრევენცია;
  • ძალიან ცოტა ქალი არის დღეს ამ კატეგორიაში, მაგრამ სავარაუდოა, რომ მომდევნო წლებში ეს შეიცვლება;
  • მარტოხელა მგლები მხოლოდ მუსლიმი ექსტრემისტები არ არიან, ისინი ნებისმიერი ტიპის პოლიტიკურ თუ რელიგიურ იდეოლოგიაში შეიძლება მოიძებნოს.

(Simon, 2013)

იტალიელი “Unabomber“, როგორადაც მას იტალიურმა მედიამ სახელი შეარქვა ამერიკელი თეოდორ კაჩინსკის მაგალითიდან გამომდინარე, უდიდეს შიშსა და დაუცველობას ნერგავს მთელი ქვეყნის მასშტაბით. 2007 წლისათვის მას 13 წლის განმავლობაში 30-მდე აფეთქება ჰქონდა განხორციელებული.  (Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement, 2007). კაჩინსკისაგან განსხვავებით, ეს პიროვნება ბომბებს ყოველდღიური მოხმარების პროდუქტებში ათავსებს და ამის შედეგად ყველანაირი მცირედი ნავაჭრიც კი შესაძლოა ლეტალური რეზულტატის მომტანი იყოს მყიდველისათვის. (BBC News, 2003)

მარტოხელა მგლის კონცეფცია შესაძლოა დავაკავშიროთ „ულიდერო წინააღმდეგობასთანაც“, რამდენადაც კაპლანი მას თითქმის იმავე ლოგიკით განმარტავს, როგორც მცირე ჯგუფის ან ინდივიდის მიერ განხორიცელებულ ძალადობას სახელმწიფოს წინააღმდეგ ლიდერისა და პირდაპირი დირექტივების გარეშე.

მოცემული მსჯელობა დასტურდება ჯორჯ მიქაელის წიგნში, „გარკვეულწილად ულიდერო წინააღმდეგობის შემოქმედები ტერაქტებს ჩადიან“ (Michael, 2012).

ზოგიერთი ავტორი მკვეთრად განასხვავებს რამდენიმე დეფინიციას, მარტოხელა მგელი, ულიდერო წინააღმდეგობა და სოლო-ტერორისტი. ულიდერო წინააღმდეგობა წარმოადგენს სამხედრო სტრატეგიას, რომელსაც იყენებენ ტერორისტული ორგანიზაციები ზეწოლის დროს, ასიმეტრიული საომარი მოქმედებებისას, რომელიც ხორციელდება კონკრეტულად პატარ-პატარა უჯრედების ან ინდივიდების მიერ ერთმანეთთან ინტერაქციისა და ცენტრალური მართვის მინიმიზაციის გარემოებაში. მარტოხელა მგელი ახორციელებს ტერაქტებს ინდივიდუალურად ორგანიზაციისგან დამოუკიდებლად. სოლო-ტერორიზმი იმით გამოირჩევა, რომ პირი, რომელიც ამ კატეგორიის ქმედებას ჩადის, ადრე რაიმე ფორმით მაინც იყო ან არის ჩართული ორგანიზებული ტერორისტული ჯგუფის ან ქსელის მოსამზადებელ თუ სხვა სახის აქტივობაში. (Center for TerrorAnalyse, 2011) (ცხრილი #1)

ამ ფართო და მრავლისმომცველი დისკურსიდან შეგვიძლია შეჯამების სახით გავაკეთოთ რამდენიმე განზოგადება:

  • ტერაქტი მიმართულია არასამხედრო პირების ფიზიკური ან ფსიქოლოგიური ზეწოლისაკენ გარკვეული მიზნით;
  • მარტოხელა მგლები ტერორისტები არიან;
  • მარტოხელა მგლებს ახასიათებს შემდეგი სახის თავისებურებები:
    • მოქმედებს ინდივიდუალურად;
    • არ მიეკუთვნება რომელიმე ტერორისტულ დაჯგუფებასა თუ ქსელს;
    • მოქმედებს ლიდერის ან იერარქიის პირდაპირი გავლენისაგან თავისუფლად;
    • მისი ტაქტიკა და მეთოდები ჩაფიქრებული და წარმართულია ინდივიდის მიერ გარეშე გავლენისგან დამოუკიდებლად.

ცხრილი #1 (Nesser, 2012)

მარტოხელა მგლები - რეტროსპექტივა

მარტოხელა მგლის კონცეფცია ახალი ფენომენი არ არის, ტერორიზმის გამოვლინებები მოცემული კატეგორიის ქვეშ მეცხრამეტე საუკუნის ანარქიზმშიც მოიძებნება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ანარქიზმი აუცილებლად კავშირშია ტერაქტებთან - ზემოთ მოყვანილი განზოგადება უფრო მეტად დროის აღნიშნულ პერიოდში რუსეთსა და აღმოსავლეთ ევროპაში მომხდარი ფაქტებიდან გამომდინარე არის გაკეთებული. (Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement, 2007) ძალადობის ინდივიდუალური გამოვლინებები ზოგიერთ მკვლევარის მიერ დაკავშირებული იყო რევოლუციურ მოძრაობებთან, მაგალითად ანარქიზმის რუსი თეორეტიკოსი მიხეილ ბაკუნინი, რომელმაც „საქციელით გამოხატული პროპაგანდის“ კონცეფცია შექმნა, რაც გულისხმობდა ინდივიდების ან მცირე ჯგუფების მიერ არსებული სოციალური წესრიგის წარმომადგენლების მკვლელობას. (Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement, 2007)

მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში ინდივიდუალური ტერორიზმის წარმომადგენლები ძირითადად ამერიკაში მომძლავრდნენ თეთრი რასისტებისა და ანტისამთავრობო ექსტრემისტების სახით. საფუძველი დაედო „ულიდერო წინააღმდეგობის“ მოძრაობებს. (Kaplan, 1997) კაპლანი აღნიშნული მიმდინარეობის ჩანასახს ხედავს 1970-იანი წლების დასაწყისში და მაგალითად მოჰყავს ჯოზეფ თომასი, ნაციონალ სოციალისტური განთავისუფლების ფრონტის ლიდერი, რომელმაც განავითარა „გადამწყვეტი და ინდივიდუალური ქმედების“ ლოგიკა სახელმწიფოს წინააღმდეგ. (Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement, 2007)

მეორე მსოფლიო ომის შემდგომ გაღვივდა ულიდერო წინააღმდეგობები ამერიკელი ანტი-კომუნისტების მეოხებით, რომლებმაც მოქმედების ასპარეზად ლათინური ამერიკა და აღმოსავლეთ ევროპა გაიხადეს. (Nesser, 2012)

„ულიდერო წინააღმდეგობის“ მოძრაობის პოპულარიზება დაკავშირებულია კუ კლუქს კლანის ლიდერთან ლუის ბიმთან, რომელიც ამავდროულად „არიული ერების“ წევრიც იყო, მან მოცემული მიმდინარეობის დასაცავად გამოაქვეყნა ესე, რომელშიც ის ამტკიცებდა, რომ შეერთებული შტატების „კანონისმიერი“  სიმძლავრე დაძლეული უნდა ყოფილიყო ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ინდივიდებისა და ქმედებების საშუალებით, რომლებიც დაქვემდებარებული არ იქნებოდა რაიმე ცენტრის ქვეშ.  (Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement, 2007)

ამერიკელი ნეო-ნაცისტი უილიამ ლუთერ პირსი - ენდრიუ მაკდონალდის ფსევდონიმით წერდა ფიქციურ წიგნებს იდეოლოგიურად მოწოდებულ მცირე ჯგუფებსა და ინდივიდუალ ტერორისტებზე, რომლებიც შეებრძოლებოდნენ უცხოელებს, იმიგრაციის მომხრე ადამიანებსა და სამთავრობო წრეებს. (Nesser, 2012)

რაც შეეხება სიტყვათშეთანხმება „მარტოხელა მგელს“ - ის მე-20 საუკუნის 90-იან წლებში განავითარეს თეთრმა რასისტებმა ალექს ლუისმა და ტომ მეცგერმა. (Extremism in America, 2002).

1990-იანი წლების ბოლოს, ალ-ქაიდას ერთ-ერთმა მოაზროვნემ აბუ მუსაბ ალ-სურიმ თეთრი რასისტებისა და ანტი-კომუნისტების მსგავსი სამხედრო სტრატეგია წარმოადგინა, რომელიც მოუწოდებდა, რომ წნეხის ქვეშ ან უკონტროლო ტერიტორიაზე მყოფი ინდივიდები ჩართულიყვნენ პარტიზანულ ულიდერო წინააღმდეგობრივ ბრძოლებში და დაეწყოთ მარტოხელა ტერორისტული ჯიჰადი. (Nesser, 2012)

მარტოხელა მგლები

ინდივიდუალური ტერორიზმის გამოვლინებებით აშშ- გამოირჩევა, ზოგიერთი მკვლევარის აზრით ეს დასავლური კულტურის „ინდივიდუალიზმზე“  აქცენტირების გამო აისახება ასე მწვავედ. საერთო ჯამში შემდეგი სახის სტატისტიკური მონაცემები არსებობს:

(Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement, 2007)

პირველ ცხრილში მოცემულია აშშ-ს მონაცემები, ხოლო მეორეში - დანარჩენი ქვეყნების (38 სახელმწიფოს) კვლევის შედეგად მოპოვებული ფაქტების ნუსხაა წარმოდგენილი.

ცალკეული მარტოხელების განხილვისას, ყველაზე შთამბეჭდავი და ცნობილი, ალბათ თეოდორ (თედ) კაჩინსკია, ამერიკელი გენიოსი, რომელიც პირველად 1978 წელს გამოჩნდა ასპარეზზე, როდესაც ჩიკაგოს უნივერსიტეტში სახლში გაკეთებული პრიმიტიული ბომბი ააფეთქა. შემდეგი 17 წლის მანძილზე ეს გენიალური აკადემიური კარიერის მქონე პიროვნება წერილების სახით გზავნიდა ბომბებს უნივერსიტეტებსა და ავიახაზებში, რასაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა და 24 ადამიანი მძიმედ დაშავდა.  (Federal Bureau of Investigation, 2008) ფედერალურმა ბიურომ მას უნაბომბერი უწოდა, რაც შემდეგნაირად იშიფრება: უნ- უნივერისტეტის შემოკლებული ფორმა, ა - კი ავიახაზს აღნიშნავს. (Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement, 2007) 1995 წელს მან ფედერალურ ბიუროს გაუგზავნა 35 000 სიტყვიანი მანიფესტი, სადაც ის ხსნიდა თავის მოტივებს, რაც გულისხმობდა ტექნოლოგიური განვითარებისადმი მის სკეპტიკურ დამოკიდებულებასა და რადიკალურ ენვაირონმენტალიზმს. კაჩინსკიმ მანიფესტის Washington Post -სა და The New York Times- ში გამოქვეყნება მოითხოვა, ამ სურვილის სისრულეში მოყვანას კი მისი თავისუფლება ემსხვერპლა, ვინაიდან „ბედის ირონიით“  მისმა ძმამ - დევიდმა ამოიცნო ის ნაწერზე, რასაც მისი დაკავება და სამუდამო პატიმრობაში მიცემა მოჰყვა. (Federal Bureau of Investigation, 2008)

ფრანც ფუხსი კიდევ ერთი საინტერესო მაგალითია, ეს პიროვნება 1993-1996 წლებში აწარმოებდა ქსენოფობიურ რადიკალურ კამპანიას გერმანიასა და ავსტრიაში, მის „ანგარიშზეა“ 4 გარდაცვლილი და 15 დაშავებული. სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდნენ უცხოელები და მათდამი მეგობრულად განწყობილი ინდივიდები. იგი ძირითადად აპელირებდა ავსტრიელი გერმანელებისადმი არსებულ დისკრიმინაციულ მიდგომებზე და ითვლება, რომ ფსიქოლოგიურად იყო დაავადებული. (Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement, 2007)

საინტერესო მაგალითია ახალგაზრდა 22 წლის მარტოხელა ტერორისტი მოჰამედ რეზა ტაჰერი-აზარი, რომელიც 2006 წელს ჯიპ ჩეროკით შევარდა ჩეპელ ჰილზე ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის ეზოში შეგროვებულ სტუდენტებში, შემდეგ კი მშვიდად დარეკა პოლიციაში და ჩაბარდა. (Teich, 2013)

ჯოხარ და ტამერლან ცარნაევები კიდევ ერთი გამორჩეული შემთხვევაა. ჩეჩენმა ძმებმა 2013 წელს ბოსტონის მარათონის აფეთქება მოაწყვეს, რომელსაც 3 ადამიანი ემსხვერპლა, 264 კი დაშავდა, ბომბის დამზადება ალ-ქაიდას ონლაინ-ჟურნალში ისწავლეს. მეორე დღეს MIT-ს კამპუსში ოფიცერი შონ კოლიე მოკლეს შემდეგ დღეს კი ტაქსი გაიტაცეს, მძღოლი კი მძევლად აიყვანეს. ამას პოლიციის ჩარევა და ტამერლანის იქვე სიკვდილი მოჰყვა, ჯოხარი კი შემდეგ ნავში აღმოაჩინეს დაჭრილი. მისი განცხადების საფუძველზე დადგინდა ტერაქტის მიზანი - პასუხი აშშ-ს მიერ დახოცილ ხალხზე ერაყსა და ავღანეთში. (Teich, 2013)

ვოლკერტ ვან დერ გრააფი - პიროვნება, რომელმაც ნიდერლანდებში არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, 2002 წლის 6 მაისს,  სიცოცხლე მოუსწრაფა მომავალ პრემიერ მინისტრს  - პიმ ფორტვინს ჰილვერსუმში. დაკავებიდან 6 თვის განმავლობაში მას სიტყვაც არ დაუძრავს აღნიშნულთან დაკავშირებით, შემდგომ კი განაცხადა, რომ მკვლელობის მოტივი მისი იდეოლოგიური მისწრაფებიდან გამომდინარე იყო, იგი მოითხოვდა ცხოველებისა და ადამიანების უფლებათა გათანაბრებას, ხოლო ფორტვინს მიიჩნევდა ბუნების მტრად, ამდენად, როგორც გრააფმა განაცხადა, შეგნებულად განახორციელა მკვლელობა.

მაიორი ნიდალ მალიკ ჰასანი - 39 წლის არმიის ფსიქიატრი, რომელმაც ფორტ ჰუდში 2009 წელს, ორი პისტოლეტით ატეხა სროლა, რასაც შეეწირა 13 ადამიანი და დაშავდა 30, მათ შორის იყვნენ, როგორც სამხედრო, ისე სამოქალაქო პირებიც. ჰასანი პალესტინელი იმიგრანტების შვილი იყო და მოცემული ტერაქტის მიზნად აშშ-ს ავღანეთსა და ერაყში ყოფნა დაასახელა. (Teich, 2013)

ოკლაჰომა სიტი ბომბერი - ტიმოთი მაკვეიმ მოაწყო ტერაქტი ოკლაჰომაში 1995 წელს, მიურას ფედერალური შენობის აფეთქებას უზარმაზარი მსხვერპლი მოჰყვა - 168 დაღუპული და 500 დაშავებული. (BBC News, 2001) მაკვეი 2001 წელს სიკვდილით დასაჯეს, მის თანამზრახველს, ტერი ნიკოლსს კი სამუდამო პატიმრობა მიესაჯა. ტიმოთი 1991 წლის სპარსეთის ყურის ომში იღებდა მონაწილეობას და საკმაოდ გამორჩეული ჯარისკაცი იყო, ტერაქტი ანტისამთავრობო ჯგუფების მხარდაჭერით იყო ინსპირირებული, თუმცა იგი წევრი არ ყოფილა. (Oklahoma City Bombing)

და ბოლოს ყველასათვის ცნობილი ანდრეს ბრეივიკის შემთხვევა, 2011 წელს ამ ტერორისტის განხორციელებულმა აფეთქებამ და სროლამ 77 ადამიანი იმსხვერპლა ნორვეგიაში, კუნძულ უტოიაზე. (DailyMail)

მარტოხელა ტერორისტის ფსიქოლოგია

რეიმონ სპააიჯი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს გამოყოფს მარტოხელა ტერორისტის ფსიქოლოგიაში. ერთი მხრივ, ეს ადამიანები ცდილობენ შექმნან თავიანთი იდეოლოგია, რასაც აკეთებენ პერსონალური იმედგაცრუებებისა და ფართო პოლიტიკური, სოციალური თუ რელიგიური მისწრაფებების კომბინაციით. მეორე მხრივ, მათ გამოკვეთილი ფსიქიკური დეფექტები არ გააჩნიათ, რომელიც შესაძლოა რაიმე კონკრეტული დაავადებით კვალიფიცირდეს, უფრო სავარაუდოა, რომ მარტოხელა ტერორისტებს ახასიათებთ რაიმე სახის ფსიქოლოგიური წუხილი, მესამე მხრივ, ისინი განიცდიან სოციალურ განდევნილობას, კომუნიკაციას ამყარებენ ცოტა ადამიანთან და ნაკლებად სოციალიზებულები არიან, ეს აჩენს სწორედ მარტოხელობის მიდრეკილებას, მეოთხე მხრივ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები არ არიან, ისინი ადრე მაინც იყვნენ რაიმე ექსტრემისტული დაჯგუფების წევრები და სწორედ ეს ჯგუფები აწვდიან მათ იდეურ სამართლებრივ განზომილებას, რითიც ისინი სარგებლობენ ტერაქტის მოწყობისას და ბოლოს, მარტოხელა მგლების ტერორიზმს ადგილი არ აქვს სოციალურ ვაკუუმში, მოცემული რადიკალიზაციისათვის აუცილებლად არის საჭირო აუდიტორია. (Spaaij, 2012)

დასკვნა

საერთო ჯამში შეიძლება ითქვას, რომ მარტოხელა მგლები ტერორიზმის ეულად აღმსრულებლები არიან, რომლებიც გარკვეულწილად განსხვავებული ფსიქოლოგიური ფაქტორებიდან გამომდინარე ჩადიან ძალადობას, მათი რადიკალიზაცია თვით-აღმოცენებადია და არ არის დირექტიული დამუშავების შედეგი ლიდერების მხრიდან. მათი მიზანი ჩვეულებრივ ემთხვევა ტერორისტული დაჯგუფებების ფართო მიზნებს. მეორე მხრივ, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ ეს ადამიანები საკუთარ თვით-შეგნებაში ახდენენ პირადი იმედგაცრუებების შერწყმას მოცემულ ზოგად იდეებთან და აყალიბებენ მათთვის პერსონალურად მახასიათებელ მისწრაფებას, მეთოდსა და იდეოლოგიას. ეს ერთი მხრივ, ალბათ თვითკმაყოფილების განცდას სძენს მათ.

აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ მარტოხელა მგლების პრევენცია საკმაოდ რთულია, მათი საქციელის არდაშვება ჩადენამდე პრაქტიკულად შეუძლებელია, თუ მათ ეს განმეორებითი სახის ქმედებებით კარიერის დონეზე არ აქვთ აყვანილი, როგორც ეს თეოდორ კაჩინსკის მაგალითზე ჩანს.

მოცემულ ადამიანებს ტერაქტები თვითგამოხატვის საშუალებად აქვთ გადაქცეული და სოციალური გარემო ესაჭიროებათ, რათა თვითდამკვიდრება მოახდინონ - მოკლედ რომ ვთქვათ, სპექტაკლს აუდიტორია სჭირდება.

 

ბიბლიოგრაფია

 

(б.д.). Получено 06 02 2014 г., из Federal Bureau of Investigation: http://www.fbi.gov/about-us/investigate/terrorism/terrorism-definition

(б.д.). Получено 07 02 2014 г., из DailyMail: http://www.dailymail.co.uk/news/article-2483579/Norway-killer-Anders-Breivik-apologised-mother-ruining-life-says-new-biography.html

(11 May 2001 г.). Получено 07 02 2014 г., из BBC News: http://news.bbc.co.uk/2/hi/1321244.stm

(26 April 2003 г.). Получено 07 02 2014 г., из BBC News: http://news.bbc.co.uk/2/hi/europe/2978509.stm

(24 04 2008 г.). Получено 07 02 2014 г., из Federal Bureau of Investigation: http://www.fbi.gov/news/stories/2008/april/unabomber_042408

Bates, R. A. (2012). Dancing With Wolves: Today's Lone Wolf Terrorists. The Journal of Public and Professional Sociology, 1-14.

Center for TerrorAnalyse. (2011). The threat from solo terrorism and lone wolf terrorism .

Extremism in America. (29 July 2002 г.). Получено 07 02 2014 г., из Anti-Defamation League: http://archive.adl.org/learn/ext_us/curtis.html?LEARN_Cat=Extremism&LEARN_Sub%2520Cat=Extremism_in_America&xpicked=2&item=curtis%2520and%2520http://www.adl.org/%2520learn/ext_us/Metzger.asp%3fLEARN_Cat=Extremism&LEARN_SubCat=Extremism_i%2520n_America&xpic

Instituut Voor Veiligheids - en Crisismanagement. (2007). Lone Wolf Terrorism.

Kaplan, J. (1997). Leaderless resistance. В Terrorism and Political Violence (стр. 80-95). London: Frank Cass.

merriam-webster. (б.д.). Получено 05 02 2014 г., из http://www.merriam-webster.com/dictionary/lone%20wolf

Michael, G. (2012). Lone Wolf Terror and the Rise of Leaderless Resistance. Nashville, Tennessee: Vanderbilt University Press.

Nesser, P. (2012). Single Actor Terrorism: Scope, Characteristics and Explanations . В Perspectives On Terrorism (стр. 61-73).

Oklahoma City Bombing. (б.д.). Получено 07 02 2014 г., из History: http://www.history.com/topics/oklahoma-city-bombing

Simon, J. D. (2013). Lone Wolf Terrorism - understanding the growing threat. Prometheus Books.

Spaaij, R. (2012). Understanding Lone Wolf Terrorism: Global Patterns, Motivations and Prevention. London/New York: Springer.

Teich, S. (December 2013 г.). Trends and Developments in Lone Wolf Terrorism in the Western World . International Institute for Counter-Terrorism.

 

 





შალვა საბაური
თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი
სოციალური ქსელი